პეტრე ალექსის ძე
გოლიცინი
1832 წლის აჯანყების მონაწილე

 პეტრე ალექსის ძე გოლიცინი (Петр Алексеевич Голицын) - 1832 წ. შეთქმულების მონაწილენი (გიორგი რევაზის ძე ერისთავი, ზაქარია ჩოლოყაშვილი, ვახტანგ ორბელიანი) თავიანთ ჩვენებებში ასახელებენ პ. გოლიცინის ცხოვრებაში მომხდარ ეპიზოდს:
 "გოლიცინი პეტერბურგში ამხანაგებთან ერთად შესულა რესტორანში. შამპანურის სმა დაეწყოთ. ამასობაში გოლიცინს შეუნიშნავს რა ფანჯარაზე იმპერატორის ბიუსტი, წამოუკრავს თითი ცხვირზე... და უთქვავს: "ა, ნიკოლაშკა, ნიკოლაშკა".
 "გალიცინი პეტერბურგში მინებს ამტვრევდა და მანვე, თუ მისმა ამხანაგმა, ტრაქტირში გადააქცია ხელმწიფის ქანდაკება. ყველა ამ ცელქობისთვის აქეთ გადმოიყვანეს" (ზ. ჩოლოყაშვილის და ვ. ორბელიანის ჩვენება).
- თუკი რუსის თავადაზნაურობა გრძნობს მთავრობის უსამართლობას, ჩვენ უფრო მეტად უნდა ვგრძნობდეთ მას და უფრო მეტად უნდა გვძულდეს მთავრობაო, - უთქვავს ზაქ. ჩოლოყაშვილს. გოლიცინის ამ თავგადასავალს შეთქმულები ყვებოდნენ, რათა მსმენელი აენთოთ.
 ამ ისტორიის გმირი პ. გოლიცინი (მასთან ერთად მოქმედებდნენ ბუტურლინი და სერგი რომანოვი), საგარეო საქმეთა კოლეგიაში მოსამსახურე, ამ საქციელისთვის პასუხისგებაში მისცეს. ერთი თვის ციხეში ყოფნის შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში მუსულმანური პროვინციების მომწყობ კომიტეტში 1831 წ. 26 იანვარს, ხოლო 1833 წ. 7 მარტს ის უკვე გაემგზავრა ორენბურგში, სადაც გადაიყვანეს დედის თხოვნისამებრ.

თავადი

კომენტარები